საქართველო ევროპელი გადამფრენი ფრინველებისთვის ყველაზე დიდი დერეფანია. ერთი ნაწილი კოლხეთის ჭაობების გავლით მიფრინავს, მეორე კახეთის გზით, მესამე და ყველაზე მთავარი ჯავახეთის ტბების გავლით.

ჯავახეთის დერეფნით 250მდე სახეობის ფრინველი სარგებლობს და წელიწადში ორჯერ გადაადგილდება. ჯავახეთი სამოთხეა ორნიტოლოგებისთვის და ალფრედ ჰიჩკოკის თაყვანისმცემლებისთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ უკანასკნელმა კატეგორიამ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის.

ჯავახეთის ეროვნული პარკი 2011 წლიდან ოფიციალურად არსებობს. მის  შექმნასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა WWF-მა, რომელმაც მოიძია დონორები და  პარკის ჩამოყალიბებისას მიმდინარე სამუშაოები სრულად განახორციელა.

დღეს ჯავახეთის პარკს უკვე შეუძლია დამთვარიელებლების, ტურისტების და პროფესიონალი ორნიტოლოგების მიღება.  მათ დახვდებათ ვიზიტორთა ცენტრი, აღჭურვილობა, პროფესიონალი რეინჯერები და რამდენიმე საოჯახო სასტუმრო.

თუმცა მაინც რჩება რამდენიმე პრობლემა და მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო: ფართო სპექტრით წარმოდგენილი პლასტიკატის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები, ანუ ნაგავი, რომელიც არ იხრწნება.

ჯავახეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და მცირედ დასახლებული რეგიონია. კლიმატი არის მკვეთრად გამოხატული კონტინენტური, ზაფხულში ძალიან ცხელა, ზამთარში კი სიცივე -30 გრადუსამდეც ადის. ტყე პრაქტიკულად არ არსებობს, სოფლებში არ არის ბუნებრივი აირი და გათბობის მთავარი საშუალება გამხმარი ნაკელია.

ადვილად გაიაზრებთ ჯავახეთში ცხოვრების სიმძიმეს, თუ წარმოიდგენთ, რომ გასათბობად ყოველდღე ნეხვის ბლოკებად ჭრა და კედელზე გასახმობად შელაგება გიწევთ. და თუ არ დაჭრი და შეალაგებ, უბრალოდ გაიყინები.  ჩემო მკითხველო, შენი სუსტი ფსიქიკა ამისთვის მზად არ არის, ამიტომ ჯობია ეს ყველაფერი ისევ ჩიტების საოცრად რომანტიკული მომენტით გავაქარვოთ.

ჯავახეთი კარგი ადგილია ველოსპორტისთვისაც: გზები არის კარგი და აღმართებიც ნაკლებად გვხვდება. თუმცა მთვარი პრობლემა იქ ველოსიპეტის ჩატანაა. მიკროავტობუსებში ველოსიპედს როგორც წესი ვერ ჩატევ.

ტბების საცხენოსნო ტური ვფიქრობ საქართველოს ტურიზმის ჰიტი უნდა გახდეს.

პარკის სწორი განვითარება, ვიზიტორების სიმრავლე და რაღა თქმა უნდა ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზის დასრულება ჯავახეთის რეგიონის გადარჩენის ერთადერთი შანსია. რეგიონის, რომელიც ძირითადად მივიწყებული იყო და სადაც სეპარატისტული აქტივობა ყოველთვის მაღალი გახლდათ. ჯავახეთმა და მისმა მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ისინი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. შედეგად პრობლემები ნელნელა გაქრება და დავიწყებას მიეცემა.

მე ბევრს აღარ დავწერ. უბრალოდ ჩადით და მოინახულეთ ჯავახეთის საოცრად ლამაზი ტბები. სადაც კარგ ბინოკლს თუ წაიღებთ ბევრ აქამდე უნახავ ფრინველს ნახავთ და იქნებ იმ ცისფერ ფრინველსაც მოჰკრათ თვალი, მთელი ჰოსპიტალი რომ ელოდა. გახსოვდეთ, რომ ფარავანის, ჩრდილის, კარწახის გაქრობის შემთხვევაში გაქრებიან ჩიტები და მერე ადამიანებიც. მე კი ვისურვებდი, რომ სადმე ფარავნის ნაპირზე დიდი ჰიჩის თუნდაც პატარა ძეგლი ვიხილო. ეს იქნება საქართველოს მხრიდან საოცრად კულტურული ჟესტი და ამდენ ჩიტსაც ღირსეული პატრონი გამოუჩნდება.

_MG_4456_

_MG_4466_

 _MG_4469_

_MG_4471_

 _MG_4482_

 _MG_4493_

 _MG_4502_

 _MG_4506_

 _MG_4514_