გაბაზრდა რა, კოცნის თვითნებური აკრძალვის ამბავი, გიორგი კიკონიშვილმა წამოიწყო თემა, რომელიც საჯაროდ კოცნის აკრძალვას აპროტესტებდა. როგორც ყველა უცხო ხილს ამ თემის გარშემოც დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა საბოლოოდ ხმათა უმრავლესობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ კოცნა არ უნდა აიკრძალოს პარკებში, თუნდაც ამას არასრულწლოვნები ხედავდნენ, რადგან ადრე თუ გვიან ისინიც ვიღაცას აკოცებენ, სექსიც ექნებათ და მერე სავარაუდოდ გამრავლდებიან. სხვანაირად მოვლენათა განვითარება ცოტა არ იყოს და შეუძლებელია.

დაიგეგმა, რომ ბევრი ადამიანი უნდა მისულიყო რიყის ახალგახსნილ პარკში და პროტესტის ნიშნად საქვეყნოდ ეზასავა. ივენთს 600 ნაღდი და ორასი საეჭვო დამსწრე მოუგროვდა.

როცა ივენთს ფეისბუქზე აქვეყნებ, ხალხი წერს ესწრება თუ არა. ასეა ფართიზე. გამოცდილი მაქვს, რომ როცა 300 კაცს უწერია მოვდივარ, მოდის ზუსტად ნახევარი.

ჟურნალისტები მინიმუმ 50 წყვილს მაინც ველოდით. მაგრამ ძალიან ავცდით…

რიყის ახალ პარკში დათქმულ დრომდე 15 წუთით ადრე მივედი. ამფითეატრის ტრიბუნაზე 50მდე ადამიანი იჯდა და სეირს ელოდა. აქციის მონაწილეები თითქმის არ ჩანდნენ. ჟურნალისტებს რაც შეეხება სრული დასწრება იყო: ჯიპას სტუდენტებით დაწყებული, როიტერის გადამღები ჯგუფით დამთავრებული. ტელეკომპანია იმედს სულაც პირდაპირი ჩართვა ჰქონდა დაგეგმილი, ჟურნალისტები დამსწრე საზოგადოებას რაოდენობით სამჯერ მაინც ვჭარბობდით.

თანდათან ხალხმა იმატა, მაგრამ კოცნით არავინ კოცნაობდა. დამსწრეები ამფითეატრის ტრიბუნაზე ისხსნენ და უბრალოდ სეირს ელოდნენ, ჟურნალისტები კი მშიერი მგლებივით დავძრწოდით.

ძალიან მოსაწყენი სიტუაცია შეიქმნა, როიტერის ოპერატორმა, დათო ჩხიკვიშვილმა ცოტა იმაიმუნა და კამერას ობიექტივში აკოცა. ცოტა ვიხუმრეთ, მასა გადავიღეთ და ისევ მოვიწყინეთ.

გავიდა კიდევ რაღაც პერიოდი და აქციის ორგანიზატორი, გიორგი კიკონიშვილი გამოჩნდა, რომელსაც თან სოციალურ ქსელებში აქტიური რამდენიმე ადამიანი ახლდა.

“გვეშველა” გავიფიქრეთ და კიკონიშვილს მივვარდით. ყველას იმედი გვქონდა, რომ გიორგი კოცნას დაიწყებდა და ყველა აყვებოდა. ქაც მაგრად შევცდით, გიორგიმ გოგოს აკოცა, 30მდე კამერა ერთად შემოვეხვიეთ და დღის ფაქტი დავაფიქსირეთ.

გიორგის კოცნით არავინ აყვა. ცოტა ხნის შემდეგ დავით-მიხეილ შუბლაძე იძულებული გახდა კიდევ ერთხელ წამოეწყო მასობრივი კოცნის პროვოცირება. მასაც არავინ უპასუხა.

ჟურნალისტები ყველას გადარეულებივით დავდევდით და ვცდილობდით, რომ ენის არც ერთი მოძრაობა არ გამოგვპარვოდა. ყველას პირში შევყურებდით, რომ იქნებ შემთხვევით გავარდნილი კოცნა გადაგვეღო.

რამდენიმე ჟურნალისტი ორ გოგოს ეხვეწებოდა, “იქნებ აკოცოთ ერთმანეთს”-ო

შემდეგ შავგვრემანმა წვერგასაპარსმა ახალგაზრდამ, ბესო ლიპარტელიანმა, ამფითეატრის სცენის ცენტრიდან მოუწოდა ერს, რომ ეკოცნათ. მისთვის კი არა, ისე საერთოდ რომ ეკოცნათ. ბესომ პატარა ისტორიული ექსკურსი ჩაატარა და აღნიშნა, რომ აღა მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ საშიში აღარაფერი იყო, მით უმეტეს საჯაროდ კოცნა. უშედეგოდ… შემდეგ რომ ეჩვენებინა, რომ ეს შესაძლებელია, ბესომ თავის გოგოს აკოცა. რა თქმა უნდა არც ეს გამოგვპარვია და ყველამ გადავიღეთ.

და ყველაფერი მორჩა.

ასეთი რამ ყოველთვის არ ხდება: საქართველოში არსებული ყველა ტელეკომპანია, გაზეთი, ჟურნალი, რამდენიმე რადიო, მათ შორის რადიო თავისუფლება, ბლოგერები, რუსული წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები და ტელევიზიები, როიტერი, ასოშიეითედ პრესი, და ბევრი ისეთიც, რომლებიც უბრალოდ ვერ ვიცანი… ასეთი საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან მხოლოდ აგვისტოს ომს ჰქონდა. და კიდევ ხსენებულ აქციას, რომელიც არ ჩატარდა.

ყველამ გაიგეთ, აქციაზე, სადაც ყველას უნდა ვინმესთვის ეკოცნა, არავის უკოცნავია! საოცრება! სირცხვილი!

საბაბი მაქვს ვიფიქრო, რომ სოციალურ ქსელებში ჰიპერაქტიული ადამიანების უმეტესობა, კრიტიკულ მომენტებში უუნაროა. თუ არ გჯერათ, გადახედეთ ივენთის “მიყვარს და ვზასაობ, ხო, პარკში ვზასაობ” კედელს და შემდეგ ჩემს ფოტოებს.

კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეჭვი, რომ არ არსებობს ერთიანი, ჯანსაღი აზრის ქვეშ გაერთიანებული ახალგაზრდა საზოგადოება, რომელიც ნამდვილად გააპროტესტებს რაიმე ცუდს და რქებით გაიტანს სასურველ კარგს. ძირითადად პოტენციის მქონდე მასის აქტივობა ფეისბუქზე სტატუსებით და კომენტარებით კეჭნაობით იფარგლება.

ივენთმა სახელად “გვიყვარს და ვზასაობთ…” დაგვანახა, რომ ფეისბუქის მასას რასაც გინდა იმას აუკრძალავ, საპასუხოდ მასამ მაქსიმუმ ავატარი შეცვალოს და რაიმე პროტესტის გამომხატველი ნახატი დაიყენოს, ჩე გევარა მაგალითად, ანაც, უკიდურესი სასოწარკვეთილებისგან აქაუნთი გააუქმოს. დავიგინები რომ მეტს ვერაფერს იზამს და მერე ყველაფერს შეეგუება.

ადამიანი, რომელსაც არ აქვს პროტესტის გამოხატვის უნარი იმაზე ბევრად უარეს ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებს, ვიდრე დღევანდელი საქართველოა.

კარგი იქნება რომ აიკრძალოს სექსი, უბრალოდ, პროფილაქტიკის მიზნით.