ჯოან როულინგ, რას ყნოსავდი, ან რას ყლაპავდი წერის დროს? უკვე მეშვიდედ გადავირიე შენზე და ჩემი თანშეზრდილი ძმაკაცი ჰარი შვილებიანად მივაცილე სადგურზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც უნდა ყოფილიყო, ტყუპისცალის სიკვდილი დამენანა.

დიდი სიცარიელის შეგრძნება დამრჩა. ვიცი დაფიცებული აქვს როულინგს, რომ გაგრძელებას აღარ დაწერს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი ფუნტის შოვნის სურვილით შვილიშვილების რამდენიმე ამბავსაც დაწერს და გაგრძელებების ამბავში დიუმა მამას დაემსგავსება. აქ ძალიან ვიბილწსიტყვავე, ალბათ უბრალოდ ადამიანურად მოენატრება. შვილიშვილებიც ეყოლება და ალბათ ისინიც შეაწუხებენ ბებოს გაგრძელებების მოთხოვნით. ბოლო-ბოლო პოტერმა მას ცხოვრება შეუქმნა. უფრო სწორად ისინი პარალელურ რეჟიმში უქმნიდნენ ერთმანეთს კომფორტ-დისკომფორტს. პოტერის ყოველი ახალი დისკომფორტი და გამოწვევა რამდენიმე ნულს მატებდა როულინგის საბანკო ანგარიშს გრინგოტსში…

რატომღაც არ მჯერა რომ როულინგი ჰარი პოტერს ფხიზელი ემოციით წერდა. ამდენი მონსტრი და ჯადო არსება მგონია რომ მწერლის მძიმე წარსულიდან ჰალუცინოგენების მიერ გამოხმობილი და ჰიპერბოლიზებული ემოციებია.

ძალიან დამენანა ჰარი პოტერის დამთავრება. ახლა რაღას დაველოდო? ფილმები პრინციპულად არ ვნახე ჩემი ილუზიები რომ შემრჩენოდა. ყველა პერსონაჟი მახსოვს და არ დამავიწყდება. არავინ. არასოდეს.

დასასრულიც როგორი კარგია. არავისზე რომ არ დაგწყდება გული და ყველას რომ დააბინავებ… მეც რომ ვისურვებდი ასეთ მომავალს და ცოლ-შვილს და ძმაკაცებს და ძმაკაცების შვილებს 19 წლის შემდეგ…

რა ცუდია რომ მორჩა ის სიამოვნება, რომელსაც ეს წიგნი ამდენი წლის მანძილზე მინაწილებდა. შემდეგში ამას მხოლოდ მაშინ განვიცდი როცა ჩემს შვილებს დავინახავ ჰარიპოტერჩაბღუჯულებს და ნერვიულობისგან სახეგაწითლებულებს. მაგრამ მათ შვიდივე წიგნი ერთდროულად ექნებათ და იმ მოლოდინის სიტკბოს ვერ გაიგებენ რაც ჩვენ გვქონდა.

ახლა რაღაც 10 დღეში ბოლო ფილმიც გამოვა. ვერ ვიგებ ვნახო თუ ისევ ჩემი ემოციები შევინახო. თუ ვნახო და მერე შიგადაშიგ წამოვიძახო ნევილ ლონგბოტომის ან ფრედ და ჯორჯ უისლების დანახვისას – ”აი როგორი ყოფილა!” არ ვიცი ჯერ, გადავწყვეტ.

ვწუწუნებ მაგრამ რა ვქნა, ძალიან მენანება ძმაკაცთან დაშორება. იმ ძმაკაცთან, რომელიც ჩემი შვილების ძმაკაციც უნდა გახდეს. შვილების იდეა ძალიან მომწონს. ისევ შეგხვდები ჰარი!