yasunari_kavabata

არავინ დამიპატიჟია. რამდენიმე საათში სამსახურში უნდა წავსულიყავი და არ მინდოდა კონცენტრაცია დამეკარგა. ისედაც ძლივს მივაღწიე, სამსაათიანი მედიტაციის შემდეგ თავი მიბრუოდა. მედიტაციამ ცოტათი მიშველა მაგრამ მაინც ისეთი დაძაბული ვიყავი… ამას დავაბრალე ის, რომ ქაოტურ სიბრტყეში ჩემი სასაუბრო თემის თარგი მხოლოდ ბუნდოვნად გამოიკვეთა. მივხვდი რომ დილით ბრწყინვალე ვერ ვიქნებოდი და უნდა მეხლაფორთა. დავივიწყე შარავანდედი და განწყობა გულმოდგინედან უფრო ცუღლუტურზე გადავაწყე. სულ ერთი იყო, ნერვებს მაინც ვეღარაფერს ვუზამდი და ამდენი მედიტაციისგან უკვე გული მერეოდა.

ნამდვილად არავინ დამიპატიჟია მეთქი გითხარით უკვე მაგრამ თურმე ისეთი ადამიანებიც არსებობენ ვისთვისაც სულ ერთია აქვთ თუ არა მოპატიჟება – მაინც გესტუმრებიან. იასუნარიც ასეთი გამოდგა.

ისევ ისეთი იყო როგორიც ბოლოს ვნახე: ჭაღარა თმა შუაზე ჰქონდა გადაყოფილი და მუქი ლურჯი კიმონო ეცვა. უფრო გამჭკნარიყო და თვალები ცრემლებისგან უელავდა. თვალები მაშინ შევამჩნიე როცა ახლოს მოვიდა, მანამდე მეგონა რომ მიღიმოდა. ხეების ჩრდილიდან გამოვიდა.
მე ძველ ტუმბოზე მიყრდნობილი ვიწექი და ცოტა გაკვირვებული ვუყურებდი. რატომღაც ის პლასტმასის კოვზები გამახსენდა რომელიც გუშინ ტუმბოს უჯრაში ჩავყარე. მერე იასუნარის დამოკიდებულება გამახსენდა ჭურჭლის მიმართ და მომერიდა.
იასუნარი მოვიდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. წამოვდექი და ტუმბოს მოვეფარე. ისტერიკა ჰქონდა და წვრილი თვალებიდან ცრემლები გადმოსდიოდა. არადა არასოდეს არაა ხოლმე ასეთი ნერვიული. ემოციები ყოველთვის სეყელურებით უჭირავს და ამით ჩემებს იწვევს ხოლმე. სულ ასე მეთამაშება.

– უკვე აღარ შემიძლია! ამდენ უემოციობას ვეღარ ვუძლებ. სული მიკნავის.

ძალიან გამიკვირდა. ბოლო ფრაზამ საერთოდ მომსპო. ასეთი რამე არასოდეს გამეგო. ”სული მიკნავის” – მართლაც საზარელია მგონი. თან ჩვენთან საქართველოში გამოთქმაა – ”კატა მიგაკვდეს სულში” რაც სუბიექტის წყევლის ობიექტის მიმართ არც თუ კარგ დამოკიდებულებას გამოხატავს. თანაც საქართველოში კატა უფრო უწმინდურ ცხოველად ითვლება ვიდრე წმინდად. წმინდად ცხვარი ითვლება და არც ის გამიგია ვინმეს დალოცვის კილოთი ეთქვას ”ცხვარი მიგაკვდა სულში”-ო. მოკლედ ეს ეთნო-ლინგვისტური საკითხია რომელიც წმინდა მამამთავარ აბრაამამდე მიგვიყვანს. მე კიდევ სტუმრად იასუნარი მყავს და დიდ ხანს ვერ დავტოვებ, მით უმეტეს ტირის და რაღაც საშინელება სჭირს.

გავიჭედე. ვერაფერს ვეუბნები. ამან კიდევ თავი ჩაღუნა და სლუკუნებს. ერთხელ უკვე გააკეთა სისულელე. აღარ მინდა, რომ კიდევ გაიმეოროს.

მია მოვიდა და რაღაც მანიშნა. მივხვდი რომ ფეხზე უნდა წამოგვეყენებინა. იასუნარის ხელი რომ მოვკიდე კიდევ ერთხელ შევძრწუნდი – ძვლებიღა იყო დარჩენილი და სახსრების ღრჭიალს ვგრძნობდი. არასოდეს არ უყვარდა ჭამა, ახლაც მივხვდი რომ რამდენიმე თვის უჭმელი იყო.
გავიარეთ.
– რა დაგემართა იასუნარი-სან? – ჰკითხა მიამ
– სული მიკნავის მია-სან. – გაიმეორა ისევ ისე ისტერიულად იასუნარიმ, ოღონდ ხმაში მეტი სასოწარკვეთილება ეტყობოდა.
– რას ნიშნავს სულის კნავილი? – როგორც იქნა გავბედე და ვკითხე.
– ვეღარავის ველაპარაკები. რამდენი ხანია ნეტავ იცოდეთ არავისთან მილაპარაკია. რაღა აზრი აქვს რას ვგრძნობ თუ ვინმეს არ ვეტყვი. წერაზე ლაპარაკიც ზედმეტია. საერთოდ დამავიწყდა. მკვდარივით ვარ. ნამდვილი მკვდარივით ვარ. ჩემი სული მალე კატად გადაიქცევა და აკნავლდება.

მე წარმოვიდგინე რა საშინელებაა როცა სუპერმატერია, ანუ სული თაგვებზე ნადირობას დაიწყებს და შიმშილს ”ვისკასით” დაიცხრობს. მით უმეტეს იასუნარის განსაკუთრებით რთული და ძვირფასი სული ჰქონდა და ნამდვილად აფსუსი იყო მისი გაკატავება. ჩვენს წინ მწვანე მდელო გაიშალა. მზე გვერდიდან ჩადიოდა და ხეებს ურტყამდა. ხეების ტორსების ზოლი ჩრდილები მინდორზე მოძრაობდნენ. განათება იყო ყვითელი და ძალიან რბილი. ამ დროს გადაღება კარგია ოღონდ ამრეკლი მაინც გჭირდება თორემ ცხვირის ჩრდილი ამ ხეების ჩრდილივით გვერდზე გადაგეწელება და მერე ვეღარანაირად ვეღარ მოშლი. კლონ სტამპის გამოყენება კიდევ კარგად მოგეხსენებათ რომ არ შეიძლება, მაქსიმუმ მატრიცაზე შემთხვევით მოხვედრილი მტვერი მოაცილოთ.

მდელოზე იასუნარი დამშვიდდა და საუბარი ისევ ემოციებით სავსე და მშვიდი გაუხდა.
– ხანდახან მეც ვერ გამოვთქვამ იმას რასაც ვგრძნობ – უთხრა მიამ – და ყველაზე ცუდი რაცაა მე ამას იმიტომ ვერ გამოვთქვამ რომ  უფლება არ მაქვს, ეს კიდევ ერთ დამთრგუნველ საკითხს უმატებს გამოთქმის შეუძლებლობას. შეზღუდვა კიდევ ძალიან ჩვეულია ჩემნაირი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ხელქვეითები ვართ.
– შენ მიზეზი მაინც იცი. მე არ ვიცი მიზეზი. რატომ ვეღარ ვაკეთებ იმას რასაც ამდენი ათეული წელი სიამოვნებით ვაკეთებდი? ადამიანებს ხომ მოსწონდათ? რატომ დამსაჯეს? – იასუნარი ძალიან შეწუხებული და გასავათებული იყო.
– ახლა შეგიძლია მოგვიყვე. მგონი ხელს ვერავინ შეგიშლის. თან ჩვენც გვიყვარხარ.
– დარწმუნებული ხარ? გარანტია შეგიძლია მომცე რომ სიტყვები ყელში არ გამეჩხირება და არ დამახრჩობს? ეს ბოლო დროა სულ ასე მემართება. ვერაფრით ვერ გამოვასწორე და არ მჯერა რომ ახლა თქვენ გესაუბრებით.

და იასუნარი იაპონურ ენაზე გადავიდა. მიაც იაპონურად პასუხობდა. იასუნარი დაბნეული იყო და უამრავი კითხვა ჰქონდა. თუმცა ნელ-ნელა უფრო დამშვიდდა და გაცილებით უფრო აზრიანი გახდა. ბოლოს უკვე გაგვიღიმა და მდელოზე სახელდახელოდ გაჩენილ მაგიდასთან მიგვიპატიჟა.

– თქვენ ჩემს ენაზე საუბრობთ. რამხელა ბედნიერებაა. – მერე მე მომიბრუნდა – მაპატიე რომ ცოტა უყურადღებოდ მიგატოვე. უბრალოდ ჩემს ენაზე საუბრის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. – იასუნარიმ ტყავის პატარა ჩემოდანი გახსნა და სამი ფინჯანი ამოიღო.

მიამ კვლავ რაღაც უთხრა იაპონურად. იასუნარიმ უპასუხა და მე ჩაისთან დავრჩი. საოცრად გემრიელი მწვანე ჩაი იყო. ფინჯანის თვალიერებით გავერთე, შემდეგ ფეხებში სიცივე ვიგრძენი. მია წამოდგა.
– ჩვენ უნდა წავიდეთ.
– ძალიან დავმშვიდდი. დიდი მადლობა.
– კიდევ შეგიძლია გვესტუმრო, ამით მხოლოდ გაგვახარებ.

იასუნარი გადამეხვია და ზურგზე გამხდარი ხელი მომხვია. უკვე ისეთი იყო როგორიც ბოლოს ვნახე: ლურჯი კიმონოთი, შუაზე გადაყოფილი ჭაღარა თმით და საინტერესოდ მომღიმარი. ჩვენთან საუბრისას ლოყები ამოევსო და ღაწვები შეუვარდისფრდა. ღმერთო ჩემო, არადა რა ხდებოდა ნახევარი საათის წინ! ”სული მიკნავის! აღარ შემიძლია!”

იასუნარი მიბრუნდა და მდელოზე მოკლე ფრატუნა ნაბიჯით წავიდა. ჩრდილებს ხეებიც მიყვნენ და მდელოში ჩაიკეცნენ.  მიკვირდა, რომ იასუნარის ჩვენთან საუბრისას ერთი ღერიც კი არ მოუწევია. არადა როგორ ნერვიულობდა!

მიამ მითხრა ”საცოდავი იასუნარი, თურმე იმდენი რამე ჰქონია სათქმელი და ვეღარ ამბობს, წარმომიდგენია როგორ გაუჭირდა შენთან, თითქმის უცნობ ადამიანთან რომ მოვიდა”-ო და მერე დააყოლა ”მე მივხვდი რომ მასთან შედარებით ჩემი გამოუთქმელობა სახსენებელიც არაა, როცა ადამიანი ასე გრძნობს და ვერ ამბობს… წერაზე ლაპარაკიც ზედმეტია…”