marc1

 

 

ირაკლი ტომარაძე ძირს დახტა და მუხლებში ოდნავ მოიხარა. მე ამ დროს უკვე პარაშუტს ვიხსნიდი. ირაკლიმ ტანსაცმლის გასწორება დაიწყო: ნაცრისფერი მატერიის სწორი შარვალი ეცვა და ასეთივე პიჯაკი; შიგნით შავი პერანგი მოკლე საყელოთი, უფრო სწორად საყელოს მოკლე ბორტებით, რომელაც საოცრად უხდებოდა ვიწრო, შავი ჰალსტუხის აკურატული კვანძი. საოცარი ბიჭია, ასე სააღლუმედ გამოწყობილს გადმოხტომა რამ მოაფიქრა.

შუადღე იყო. მოღრულული ცა მზის შუქს თბილ და მძიმე ფილტრს ადებდა. ჩვენ რაგბის მოედანზე ვიდექით. მწვანე, ხასხასა ბალახზე ჩვენი თეთრი პარაშუტები დახოცილი წეროებივით ეყარა. ჩემს შავ ბატინკტაN მსხვილი თეთრი თოკი წეროს კისერივით გაჭიმულიყო. როგორც იქნა პარაშუტის ყველა სამაგრი მოვიხსენი – უამრავი ბალთაა. შავი ბატინკები მეცვა, ვიწრო ჯინსი და სქელი მაუდის მოკლე პიჯაკი დიდი შავი ღილებით. პიჯაკიდან ლურჯი პულოვერი შიგადაშიგ პიკანტურად ჩნდებოდა. ან მე როგორ დავეშვი ამ ტანსაცმლით?! საოცარია…

ასეთ თბილ და მსუყე განათებაზე ირაკლი ტომარაძის კოსტიუმი ძალიან კარგად ხამდებოდა მწვანე მინდორთან, რომელზეც ჩვენს უკან თეთრი პარაშუტები ეყარა. ირაკლი ძალიან გამხდარი მეჩვენა. ახლა ძალიან ჰგავდა თავის ძმას კონსტანტინეს, რომელიც ჩვენს გუნდში სიგრძეზე ყველაზე შორს ხტებოდა: სწორზეც და აღმართშიც.

– კოკა როდის გაფრინდა? – ვკითხე ირაკლის, რომელიც ჩემზე წინ მიდიოდა.

– ორ იანვარს, ღამე.

– ათენის მერე აღარ მინახავს.

– ეგ ისევ ბარსელონაშია.

– სამი წელია არ მინახავს.

– უკვე შენზე მაღალია, ექვსი და ცხრა ინჩია.

დაბურული ხეები გავიარეთ. ჩვენს წინ აგურით ნაშენები ძველი, სამსართულიანი შენობა გამოჩნდა. ორი ფლიგელი სიმეტრიულად იყო აქეთ-იქით განლაგებული. გვერდზე საქვაბე იდგა და გრძელი შავი მილიდან თეთრი კვამლი ამოდიოდა, ისეთი თეთრი, თითქოს ამ ჩახავსებულ აგურის ხუხულაში ახალი პაპი აირჩიეს და ახლა სიხარულის დროა.

მე და ირაკლი ისევ შენობისკენ მივდიოდით. ვიგრძენი, რომ მხრებზე რაღაცეები რიტმულად მეცემოდა. ხელში გაურკვეველი ჯეკები და სადენები მომხვდა. უეცრად გამახსენდა, რომ თავზე ტანკისტის ქუდი მეფარა. აი თურმე ირაკლის ხმა მოგუდულად რატომ მესმოდა! ქუდს არ მოვიხდი, ლამაზია და ჩეს დღEვანდელ ჩაცმულობას უხდება. ტანკისტის ქუდი ნატალიამ მათხოვა, “ფრენისას თავი არ გაგეყინება და დაცემისას დარტყმისგანაც დაგიცავს”-ო.

– იქ რატომ მივდივართ? – ვკითხე ისევ ჩემს მეგობარს.

– გამოფენაა.

“გამოფენაზე პარაშუტებით მოვედით”, გავიფიქრე მე,  “ვიღაცეები ფანჯრიდან დაგვინახავდნენ და ახლა ალბათ ერთი წელი ჩვენზე ილაპარაკებენ… ძალიან კარგი, შემდეგში პარაპლანით მოვალ!”

თვალში შესასვლელთან ჩამოკიდებული აბრა მომხვდა:  “კენტის საგრაფო, ისტერნვილის წ. თომას სახელობის სასულიერო სკოლა”.

კარი ჭრიალით დაიხურა და ბნელ სივრცეში აღმოვჩნდით. მარცხნივ, ოდნავ მოშორებით, კიბეს ზემოდან წამოსული შუქი მკრთალად ანათებდა. იქით წავედით. სიბნელეში რაღაც რბილს დავაბიჯე, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ახლად დახოცილ ზაზუნებს გადავუარე.

– ძირს რაები ყრია? – ხელი გავკარი ირაკლის.

– არ ვიცი მაგრამ ასე მგონია, თითქოს მკვდარი ზაზუნებია.

– მეც, მაგრამ არა მგონია სასულიერო სკოლაში ზაზუნები ჰყავდეთ.

მეორე სართული ცარიელი იყო, მესამეზე რომ ავედით პირველ რიგში ხმაურის ტალღამ დამარტყა. უამრავი ნაცნობი ადამიანი იყო. პირველად კედელზე ჩამოკიდებული ბელარუსის რესპუბლიკის რუკები დავინახე, მერე, ცოტა გვერდზე გამოფენილი მუჰამედ ალის სტუდიური შავთეთრი ფოტოები. ზუსტად ისე გავხდი, როგორც “ტეიტ მოდერნში”, კაფესთან. ხალხში ოდნავ წინ გავიწიე და რამდენიმე ნაცნობს გავუღიმე. მივხვდი, რომ მშვენიერი ადგილი იყო ახალი გოგოების ასაგდებად. თან ისეთი გოგოების, მერე რეკვით რომ არ გაწუხებენ. ჩვენ, მხატვრები უფრო ერთჯერად და მხოლოდყოფილი ემოციის დაჭერას ვცდილობთ. თუნდაც ასეთი თავყრილობის after party-ზე შეხვედრა რამდენიმე გოგოსთან, ბევრი კოკაინი, არაყი და ჯგუფური სექსი ასეთი ემოციისთვის მისწრებაა. ირაკლის მხარს იქით, ბართან, ესპანელი გოგო დავინახე, მაღალი და მზიანი. გოგო მიტრიალდა და ბარმენს რაღაც უთხრა. “დაგადნი დუნდულზე!”, გავიფიქრე და მისკენ წავედი.

– დაინახე? ირაკლიმ სახელოზე დამქაჩა და გამაჩერა. ჩემს გვერდზე თეთრთმიანმა და ბროლისთვალებიანმა სალომემ ჩაიარა და წამის მეათედით გადმომხედა. ამ დროს მოკლე თმა გაუფრიალდა და ცისფერი შუქის სხივით გაუნათდა. ზუხტად ისე ჩაიარა, როგორც მაშინ პირველად სიზმარში რომ ვნახე. მერე თეთრთმიანი სალომე შემიყვარდა და სიზმარში ყოველდღე ვნახულობდი. ესპანელი გოგოსკენ ვეღარ წავედი.

– წამოდი დარბაზში! – ირაკლი ექსპოზიციისკენ წავიყვანე. რაღაცნაირი მაკეტები იყო გამოფენილი: უშნო, მტვრიანი, მოძველებული დიზაინის, ცუდად განათებული და ის პლასტმასიც კი უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა, რომელიც მაკეტში იყო გამოყენებული.

– ზემოთ აიხედე, მოგწონს? – მითხრა ირაკლიმ. ჭერზე ძალიან დიდი მაკეტი იყო მიჭედებული – უზარმაზარი. ზედ პატარა ხის კოტეჯები იდგა წითელი სახურავებით. კოტეჯები სიმეტრიულად იყო განაწილებული და იმდენი იყო, რომ ვერ დავთვალე. ჭერზე გამოფენილ მაკეტს ოთხივე მხრიდან კედლებზე დამაგრებული კილოვატიანი ყვითელი სკილები ანათებდა.

– არ მომწონს – ვუთხარი ირაკლის. – ასე მგონია თავდაყირა ვდგავარ. თან საშინლად სიმეტრიულია.

– აი ყველაზე მაგარი ექსპონანტი! – ირაკლიმ მიმატრიალა და ხელი დარბაზის სიღრმეში გაიშვირა. იქ დიდი თეთრი დაფა იყო ჭერიდან ჩამოშვებული და ზედ გარკვევით ეწერა: “ბელგიური შოკოლადი”. ოქროსფერ ფოლგაში გახვეული შოკოლადის ბურთულები შავ ბარხატზე ეყარა. გვერდზე შავი ტომარა-ზურგჩანთები ეყარა, გახსნილი და შოკოლადით  პირთამდე სავსე.

– რამდენია, თან რა გემრიელი! – წამოიძახა ირაკლიმ – ზოგი ალბათ ნუშიანია, ზოგს ტყის თხილი აქვს, ან უბრალოდ რძიანია!

ჩემმა მეგობარმა ორი ბურთულა მოიპარა და ერთი მე მომცა. მე სუფთა შოკოლადი შემხვდა: მწარე, მსუყე და სრულყოფილი გემოთი. გარშემო უამრავი უცნობი და ნაცნობი დამთვალიერებელი გამოფენილი ნიმუშების მხატვრულ სიძლიერეზე მსჯელობდა. მოულოდნელად ყველა ფანჯრებს მიაწყდა, მერე დარბაზში ჩხუბი ატყდა.

– წავედით ირაკლი! – შოკოლადის ერთი ტომარა ავიღე და ზურგზე მოვიკიდე. ირაკლიმ მეორე აიღო. კედელში გავედით და კიბეზე ჩავირბინეთ. რაგბის მოედანი უკვე მოჩხუბრებით იყო სავსე. იქ ვეღარ მივიდოდით. “ნეტავ რა უნდა ვქნათ?!”, გავიფიქრე და გავჩერდი.

– აქეთ წამოდით! – გავიგონე ალექსის ხმა. შევხედე და გავოცდი: ალექსს სამხედრო ფორმა ეხცვა, მხარზე სახმელეთო შეიარაღებული ძალების ჭრელი გერბი ჰქონდა მიკრული, ხელში კი უზარმაზარი ტყვიამფრქვევი ეჭირა. გამახსენდა, რომ ალექსი სტრაიკბოლის მოყვარული იყო და დავმშვიდდი.

– სტრაიკბოლისა ხო? – ვანიშნე იარაღზე.

– არა, ნამდვილია! ტუ არ გჯერა შეამოწმე!

– ალექსმა ტყვიამფრქვევი გამომიწოდა. საქვაბისკენ მივდიოდით. იარაღი ნამდვილი “ერ-გე-დე” გამოდგა, ჩეხური წარმოების. ირაკლის მშვიდი სახე ჰქონდა და ხელში რატომღაც დიდი მრგვალი ვარცლი ეჭირა. წარმოდგენა არ მაქვს საიდან წამოიღო.

– გახედე რა ამბავში არიან! – ალექსმა გვერდზე, საბავშვო ბაღის ეზოში მოჩხუბარი ბიჭებისკენ გამახედა. ერთ-ერთმა მეორეს დიდი ხმალი ჩაარტყა და მარჯვენა ხელი მხრიანად ჩამოათალა. დაჭრილი იარით ნაკვერჩხალზე დაეცა და აშიშხინდა. უცებ გონზე მოეგო, დაიღმუვლა და წამოხტა. სახე შეწუხებული ჰქონდა, სამაგიეროდ მომწვარი მხრიდან სისხლი აღარ მოსდიოდა. დაჭრილი ხმლიანს მივარდა და მარცხენა ხელი შარვალი შემოახია. ხმლიანს ტრაკი გამოუჩნდა, შიგნით მხოლოდ სტრნგი ბიკინი და გოლფის გეტრები ეცვა. მოჩხუბრები გაჩერდნენ, მისკენ ხელები გაიშვირეს და დაცინვა დაუწყეს. საქვაბიდან ისევ ტეთრი ბოლი ამოდიოდა. მის წინ ოთხი უშველებელი ცაცხვი იდგა. საქვაბიდან მოშორებით, ბოსტანში ქალი წაკუზული იდგა და პომიდორის ჩითილებს რგავდა. ირაკლის ვარცლი გამოვართვი, მოვიქნიე და გავისროლე. ვარცლი ჩითილებიან ქალს მოხვდა, წააქცია და ფერდობზე კივილით გაიყოლა.

– წადით! – მითხრა ალექსმა და მხედრული სალამი მომცა.

– ამ ბარგით შეძლებ? – ვკითხე ირაკლის და შოკოლადზე ვანიშნე.

– მგონი კი. დიდი ხანი არაა რაც ზრდა შევწყვიტე.

ხელები მოვიქნიეთ და საქვაბის ზემოთ ავფრინდით. კიდევ ერთიც და უკვე ცაცხვებს ზემოთ ვიყავით. აი საბავშვო ბაღი და ბიკინიანი ხმლიანი ბიჭი. ქვემოთ ოქროსფერმა ბურთებმა დაიწყო ცვენა. ირაკლის ჩანთა გახსნილი იყო და შოკოლადები მოჩხუბრებს აცვიოდათ.

– ოქროს წვიმა! რა ლამაზია! – დაიყვირა ირაკლიმ და შოკოლადები ისევ გადაყარა.

– კოკასთან ხომ არ გავფრინდეთ? შოკოლადი კიდევ ბევრი გვაქვს.

– გაუხარდება!

– აბა რა, ბელგიური შოკოლადია! – ვუთხარი და ხელები ერთიც მოვიქნიე.

chagall-1