ირაკლი კონსტანდინისი საერთოდ არ იყო ჩემი ნათესავი. დედაჩემი და დედამისი ერთად სწავლობდნენ მიუნხენში გერმანული ენის კურსებზე. ერთმანეთს იქიდან ვიცნობთ. მაშინ ორივე პატარები ვიყავით. მერე საბერძნეთი ევროკავშირს შეუერთდა და ცხოვრების დონე გამოსწორდა და ირაკლი და დედამისი თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ. მე და დედაჩემი მაინის ფარნკფურტში გადავსახლდით და მალე მოქალაქეობაც მივიღეთ. ჩვენ არ წავსულვართ უკან, ბოსნიაში და დაბრუნებას არც ვაპირებდით მთელი რიგი მიზეზების გამო. 
მიუნხენში მე და ირაკლი ყოველდღე ერთად ვიყავით და მოგვწონდა ერთმანეთთან ყოფნა. მე მუსულმანი ვარ, ის კიდე ორთოდოქსი ქრისტიანი იყო. რელიგია ორივეს ფეხებზე გვეკიდა, ნუ ფეხებზე გვეკიდა რა, 12 წლის ბავშვებს ნამდვილად არ გვესმოდა ამ საქმეში არაფერი. სკეიტზე დავგორავდით და საღამოობით ირაკლი უკრავდა. მე მაგრად მომწოდა მაგის დაკრული და მშურდა, იმიტომ რომ მე ბექ ფლიპის გარდა არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. პიანინოს კი მოდი და უკეთე ბექ ფლიპები. ირაკლის დაკვრა დედამისმა ასწავლა. ბევრი კი არაფერი იცოდა, 10 წლის იყო და ცოტა რაღაცას ახერხებდა: რამდენიმე მარტივი ნაწარმოები კლასიკიდან და ორი ბერძნული მელოდია იცოდა. მაგრამ მე მაგრად მომწონდა და მინდოდა მეც დამეკრა ასე. ასე მაინც. მერე სკეიტზე რამეს რომ ვერ აკეთებდა დავცინოდი. 
მერე გადასახლდნენ. 
16-ის რომ გავხდი რადიოში დავიწყე მუშაობა პრაქტიკანტად. მუსიკალური რადიო იყო ფმ 96,9-ზე. მაგარი აუდიოთეკა ჰქონდათ და თან მიქშერზე მუშაობაც მასწავლეს. ცოტა ფულსაც მიხდიდნენ და იქ ყოფნა მაგრად მომწონდა. ერთ წელში ეთერშიც დამსვეს. კიდევ ერთ წელში ჩემი თაყვანისმცემლებიც კი მყავდა მსმენელებში. პიცას მიგზავნიდნენ ხოლმე ღამის ეთერის დროს. იმ პიცას ჩემი დაცვა ჭამდა. 
ერთ დღეს რადიოში ხველება ამივარდა და ეთერში ვეღარ გავედი. მიკროფონი კიდევ სისხლის წვეთებით დავასველე. 
ექიმმა თქვა ტუბერკულოზის ნიშნები აქვსო. კიდევ, სუსტი ფილტვები მქონია და კვებაც არ მყოფნიდა თურმე. მე კიდევ ხორცს არ ვჭამდი და თურმე ესეც მოქმედებდა. ფრანკფურტში კიდევ ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. 
მე სახლში ვეგდე და ვგმინავდი. თავს ჯანმრთელად ვგრძნობდი და გარეთ მინდოდა. ყურებში არ არსებული სკეიტერების ხმაური მესმოდა და ვგიჟდებოდი. მერე დედაჩემმა ნახმარი კომპიუტერი მოიტანა თავისი მონიტორით. ინტერნეტი ჩავრთეთ. 
თავი საბანში ჩავყავი და ისე დავახველე, მერე სისხლიანი ხელსახოცი დავჭმუჭნე და ბალიშის ქვეშ შევტენე. მაგრად არ მინდოდა დედაჩემს რომ დაენახა, ყველაფერი ოქროდ მიდიოდა ბოლო პერიოდში. სისხლსაც იშვიათად ვიღებდი. 
დედაჩემმა დაიყვირა ფეისბუქზე ირაკლი და დედამისი ვიპოვეო. ირაკლისგან აღარაფერი ვიცოდი უკვე სამი წელი. ბოლოს დაბადების დღეზე გავუგზავნე პეტრუჩიანის და ჯარეტის დისკები. თან მისამართიც არ ვიცოდი, სავარუდოდ გავუგზავნე. რავი მე, მიუვიდა, რო?! დედაჩემმა კონსტანტინიდისები დაიმეგობრა და ათინამ ჩატში რომ მოწერა სიხარულისგან კივილი დაიწყო. 
ათენის აეროპორტში ჩამოვფრინდი და მერე წავიდა ავტობუსით ჩალიჩი. ძალიან დიდხანს ვიმგზავრე. მივდიოდი ადრიატიკის მხარისკენ, კუნძულ კეთალინიაზე. მესოლონგიონამდე ჩავაღწიე. საზიზღარი კლიმატია საბერძნეთში. ძალიან ცხელა, ქვეყნის შიგნით ჰაერიც კი გამხმარია. ზღვის პირზე კიდევ სამოთხის ფილიალია. მესოლონგიონი ძალიან ლამაზი გამოდგა, მაგრამ დათვალიერება ვერ მოვასწარი, გემზე შევხტი და კეთალინიისკენ წავედი. 
არასოდეს არ სცადოთ გემბანზე სკეიტით კატაობა, თორემ ბოცმანი ამოვა და სულ კარგის ტრაკს გაგინებთ. გემმა კუნძულს სამხრეთიდან შემოუარა და არგოსტოლიონის ნავსადგურში შევიდა. 
ათინამ ჩემი ჩამპალი ფილტვების ამბავი რომ გაიგო დედაჩემს ეგრევე უთხრა: “მიდი, ჩაალაგებინე ჩემოდანი და გამოუშვი ჩემთანო. არგოსტილიონში ირაკლი დახვდება და წამოიყვანსო.” 

მე მაგარი საზიზღარი გუნების კაცი ვარ, მე თვითონაც არ ვიცი რა მიყვარს, რა მიხარია, რა მაღიზიანებს და ერთი სიტყვით მერიდეთ რა! ახლა კი ირაკლის დანახვა ისე გამიხარდა რომ მზის წნული ამიცახცახდა. ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ირაკლი, ოლისაც რომ ვერ აკეთებდა სკეიტზე ახლა ნავსადგურში იდგა და ხტუნაობდა, ხელებს მიქნევდა, ჭყიოდა და მოკლედ რა… მაგრად გავიხარეთ. ბერძენს მე უფრო ვგავდი ოღონდ: შავი, ხუჭუჭთმიანი და ჩავადნილი უპეებით. მაგარი გამხდარი ვიყავი და კანი გამწვანებული მქონდა. ირაკლი კიდევ ქერა იყო, მაღალი, მაგარი კუნთები ჰქონდა და საოცარ ენერგიას აფრქვევდა. მე ვიყავი 19-ის, ეგ კიდე 17 წლის. ოღონდ დიდს გავდა. ტანით იყო ძალიან დიდი და სრულყოფილი, თან მაგარი თეთრი ღიმილი ჰქონდა, ნამდვილი აპოლონი. ეს რომ მიუნხენში დარჩენილიყო, 17 წლის ასაკში მთელი ჩვენი უბნის გოგოები ყველა გადაკუზული ეყოლებოდა. ისეთებიც, მე რომ კილომეტრზეც არ დამანახებენ.
კონსტანტინიდისები ქალაქიდან ოდნავ მოშორებით ცხოვრობდნენ. პატარა სოფელი იყო მაგრამ ისეთი ლამაზი რომ ენა ჩამივარდა. პატარა თეთრი სახლები იყო სულ. მთელი სოფელი იყო მთის კალთაზე შეფენილი თეთრი პატარა სახლუკების ერთობლიობა, რომლებიც ადრიატიკის ზღვას გადაყურებდნენ. მთლიანად კუნძული იყო ძალიან ლამაზი. ზღვიდან ეგრევე კლდე იწყებოდა, მერე სადღაც ქრებოდა და უბე ჩნდებოდა, ნავმისადგომი კიდევ ცხრაასი ათას ოც ნავს იტევდა. ნავები ქანაობდნენ და კოხტაობდნენ. კუნძული კი არა ნამდვილი ელესდეს აბია. 
სახლში რომ მივედით ათენამ მაგრად ჩამიხუტა და იმდენი ალერსიანი სიტყვა მითხრა და იმდენი მკოცნა რომ ჩემი ჩავარდნილი ყავისფერი ლოყებიც კი შემიწითლდა. 
ირაკლიმ ხელი მომკიდა და სასტუმრო ოთახში შემათრია. არც ისე დიდ ოთახში უზამრმაზარი პეტროფის როიალი იდგა. ირაკლა დაჯდა და მითხრა: 
– ახლა შენთვის უნდა დავუკრა. 
– მაგრად მომენატრა შენი დაკრული… 
მე ტუტუცს მეგონა რომ ირაკლა რამე პატარაობის დროინდელს გაიხსენებდა, მაგრამ ტიპმა ისეთი დაუკრა რომ მუხლები ამიკანკალდა და ძირს დავჯექი. ირაკლიმ ჯარეტის “პერსონალ მაუნთინს” თავის პონტში, სხვანაირი არანჟირებით დაუკრა. გავგიჟდი. მერე ყველა იმ ტრეკის ნაწყვეტი დაუკრა რაც ჩემს გაგზავნილ დისკებში იყო. ირაკლი ვირტუოზი კაცი გამხდარა. მორჩა რაღაც “მთვარის სონატების” და “სირტაკების” პერიოდი, ბავშვი ჯარეტს უკრავდა თავისებურად. ჩანთიდან ირაკლისთვის წამოღებული ჯაზის 50 დისკიანი ანთოლოგია ამოვიღე და მივეცი. ალბათ ებრაელ მოსეს ჰქონდა ასეთი სახე, თავისმა ღმერთმა მცნებებიანი ფილები რომ მისცა. 
საღამოს ირაკლიმ ისეთი რამე მითხრა რომ თავი ნამდვილ მესიად ვიგრძენი. აი რა მითხრა: “Du hast es mir gegeben, den Jazz zum ersten Mal zu hören “-ო “პირველად ჯაზი შენ მომასმენინეო.” ირაკლი საერთოდ ბევრს არ ლაპარაკობდა, ერჩივნა დაეკრა. 
დილით რაღაც ყრუ ბარტყა-ბურტყმა გამაღვიძა. მეგონა უკანა ეზოში ათინა ხალიჩას ბერტყავდა. მაგრამ, ბერტყვას არ გავდა, გავიხედე და ირაკლი დავინახე – კრივის მსხალს უბრახუნებდა გამწარებული. ძალიან განვითარებული მუსკულატურა ჰქონდა. ყოველ დარტყმაზე ტრაპეციები და დელტოიდური კუნთები ებერებოდა. 
“From zero to hero, From zero to hero – Herculeeeees!” – წავიმღერე და აბაზანაში წავედი. 
ირაკლი კონსტანტინიდისი მთელ საბერძნეთში განთქმული მუსიკოსი და მოკრივე გამხდარა. იყო საბერძნეთის ახალაგზრდული ნაკრების წევრი კრივში და მილიონი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული. მისი მუსიკის მასწავლებელი ჩიოდა “ფოლკს და კლასიკას ისე აღარ უკრავს, რაღავ ზანგურ მუსიკაზეა გადასულიო.” მე რომ ირაკლისთვის ჯარეტი და პეტრუჩიანი არ გამეგზავნა ვერც კი წარმომიდგენია იმხელა ტრაგედია დატრიალდებოდა. 
ერთი კვირის მერე ირაკლიმ მითხრა უნდა ვიჩხუბოო. მე ავდექი და ჩემი ბებუთი ავიღე. ისე ჭრის რომ .. უჰ, თქვენს მტერს! წავედით – მეთქი. ირაკლიმ ლამის ჩაიფსა სიცილით, ეგ დანა დადე და ნიფხავი ჩაიცვი ქალაქში მივდივართო. საბერძნეთის გუნდური ჩემპიონატი იყო და ირაკლის ასაკით დიდებში უნდა ეჩხუბა. მან, ვის მაგივრადაც ირაკლი გუნდში ჩასვეს, ხელი ზღვიდან ბადის ამოთრევისას იღრძო. 
ირაკლამ ვიღაც ათენელი ბერძენი ზორბა გათახსირებამდე სცემა. ძალიან წყნარად დაიწყო და მაგრად შემაშინა ერთ-ორი ჰუკი რომ მიიღო ყბაში. მერე თითო რაუნდში თითოჯერ აქტიურდებოდა და თავისზე 6 წლით დიდ მუტრუკს მუშტების სეტყვას აყრიდა. მეც ძალიან ჭკვიანი ვარ: ჭკვიანი და ჩათლახი. მე მივხვდი როგორ ჩხუბობდა ირაკლი. მთელი გზა რაღაც მელოდიას ღიღინებდა. აიკვიატა. მისი ჩხუბის ტემპი მელოდიის რიტმს ზუსტად ემთხვეოდა. პირველად ვნახე კრივში მისამღერი და მელიზმები. მორჩა, ირაკლის ფანი ვარ. ნოკ-აუტით მოიგო. 
მე ძალიან მაკვირვებდა ერთი ძალიან საკვირველი ფაქტი: ირაკლი დიდად არ გიჟდებოდა თავის მეზობელ სირინოზივით გოგოებზე. ძალიან გამიხარდა ირაკლიმ ფრენბურთის სათამაშოდ რომ წამიყვანა პლაჟზე. თვალის დაბნელებამდე ბევრი გოგო იყო. სპილენძისფერები, შავები, თეთრები… გასკდი გულო და მიყევით ზედ ავადმყოფო ფილტვებო! ზედ არავინ უყურებს თქვენს პატრონს და ირაკლის ისე ეხვევიან როგორც პეპლები შუქურას. ამ კაცის კიდევ ვერაფერი გავიგე, რა აზრი აქვს ბურთს ვინ ჩააწვდის! მიეცი ადამიანო ბურთი, მიეცი! 

მორჩა მე ირაკლის მიდგომა ამ გოგოებისადმი უკვე მესმის. ხომ ასეთი ლამაზები არიან მაგრამ ყველა მაგარი სოფლელია. სოფლის წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ ესენი სულით არიან ისეთი გოიმები რომ ირაკლისნაირი ზეციური არსება მიკვირს მათ მეზობლად როგორ ცხოვრობს. სულს კარგი, თავს დავანებებ მაგრამ იღლიების გაპარსვა რა გახდა? ან თუ არ იპარსავ რაღა ფრენბურთს თამაშობ? 

ისე კარგად ვიყავი ორი თვე კეთალინიაზე რომ ყველაზე მხეცი ბერძენი მწერალიც კი ვერ დაწერს. წამოსვლამდე ორი დღით ჩემს ბადეში ერთი სირინოზი გაება, რომელმაც ცოტა ინგლისური იცოდა და ჯემიროქუაი უყვარდა. იმ გოგოს ძალიან მოვეწონე და როცა გაიგო რომ რადიოში დისკ ჟოკეი ვიყავი იმ საღამოსვე მომცა. სადღაც კლდის წვერზე ვიყავით აფოფხებულები და განცხრომას იქვე მივეძალეთ. იმ გოგომ არ იცოდა რომ მუსულმანებს წინდაცვეთას უკეთებენ და ჩემი კანწაჭრილი პენისის დანახვაზე შეკრთა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ მერე მაგრად გაავდრდა. ნაპირზე მდგარი ნავები ტალღებმა ლამის მკვდარი თევზებივით პირქვე დააატრიალეს. გრიალებდა, გრუხუნებდა, ანათებდა, ზღვა ღმუოდა… მე და ათენა სახლში ვისხედით და ირაკლის ველოდით. ვარჯიშიდან ფეხით მოდიოდა და ახლა სავარაუდოდ თავიდან ფეხებამდე გალუმპული იყო. 
კარი გაიღო და ირაკლი შემოვიდა. ჩემზე უფრო მწვანე თუ ლურჯი იყო, სველი და აძაგძაგებდა. ყველაფერი გაიხადა, გამშრალდა, ვაშლის ორნახადი შინაური არაყი დაისხა და ერთი დიდი ჭიქა დალია. მერე დაწვა და დაიძინა. ღამე ათენამ გამაღვიძა. “ძმარზე გადადი ნიკოპოლიდისთან თორემ სიცხის დამწევი არაფერი მაქვსო”. ირაკლის ლოგინთან რომ მივედი ლამის გული გამისკდა: სულ გაწითლებული იყო და ბოდავდა. მაგარი სიცხე ჰქონდა. ტანსაცმელი ძმრით დავუსველეთ და ჩავაცვით. მალე აღარ კანკალებდა მაგრამ ისევ ბოდავდა. მეორე დღესაც ბოდავდა. გული გახეთქვაზე მქონდა. დედაჩემის მერე ეს ერთადერთი უსაყვარლესი ადამიანი იყო და ახლა სიკვდილის პირას იყო. მე კიდევ მოვდიოდი. 
ირაკლიმ ვერ გაიგო როგორ წამოვედი. ეძინა. ათენამ მითხრა დღეს საავადმყოფოში უნდა წავიყვანოო. მე კი სანამ აეროპორტში მივედი ათივე ფრჩხილი დავიჭამე ნერვიულობით. ყველა ღმერთს ვთხოვე რომ ირაკლი არ მომკვდარიყო. 
ფრანკფურტში ჩავედი. დედაჩემმა რომ დამინახა ჯერ ვერ მიცნო: თმა გაზრდილი მქონდა, ლოყები ამოვსებული, ავადმყოფური მწვანე ფერი ბრინჯაოსფრად შემეცვალა და უკვე ჯანმრთელი კაცი ვიყავი. დედაჩემი გადამეხვია და ჩამიხუტა, მერე ტელეფონს მივარდა და ათენას დაურეკა. 
– ირაკლისთვის მენინგიტის დიაგნოზი დაუსვიათ – მითხრა და ჩემს გვერდით დაჯდა. – არაფერია, მენინგიტი ახლა აღარაა საშიში. 
ფრანკფურტი უკვე ისე მეზიზღებოდა რომ ქუჩაშიც კი არ გავდიოდი. ერთადერთი რადიოში მივდიოდი და მერე სახლში მოვდიოდი. სექტემბრის ბოლოს ჩანთა კიდევ ერთხელ ჩავალაგე და საბერძნეთში წავედი. 

სახლში რომ შევედი მარტო ათენა დამხვდა. ჩემი დანახვა კი გაუხარდა მაგრამ არც ისე ძალიან. დიდად არც დედაჩემის საჩუქრებს გაუხარებია. მერე ირაკლისთვის ჩამოტანილი რაღაცეები ვაჩვენე და მითხრა: “ძალიან მოეწონება ჰასან, ახლა ბაღშია წასული ფორთოხლებს რწყავსო.” 
სასტუმრო ოთახში შევედი და გავიარ-გამოვიარე. როიალი ისევ ისე იდგა და ფანჯრიდან მზე შემოდიოდა. კედელზე კრივის ხელთათმანები ეკიდა. ნავები ზღვაზე კოხტაობდნენ. როიალს სახურავზე მტვერი ლამის ერთ სანტიმეტრზე ედო. ძალიან გამიკვირდა. ირაკლი ყოველდღე შალის ნაჭრით აპრიალებდა, მერე ინსტრუმენტს წინ უჯდა და რაღაცას ბერძნულად ებუტბუტებოდა ხოლმე. 

სახლში შემოვიდა და გაიღიმა. ისევ ისეთი დიდი და თეთრი იყო, უბრალოდ დეგენერატივით იღიმოდა. 
– ჰერკულეს! 
ირაკლიმ მიყურა, მიყურა, მერე მოვიდა და დამაჯანჯღარა: 
– სად ხარ ამდენ ხანს! – მერე დააყოლა – პასტა გაცივდა. 
– ნახე თუ მოგეწონება! – ვუთხარი და დისკების ძალიან დიდი ყუთი მივაწოდე. 
ირაკლიმ დახედა, გადაათვალიერა და კარადაში შედო. 
– მოდი ვჭამოთ. – მითხრა ბერძნულად. 
პასტა ამომიღო და თვითონაც წინ დამიჯდა. მაკარონი სწრაფად შეისუტა, მაკარონმა ბოლო მოიქნია და ცხვირზე ტომატი შემესხა. 
– ჰაჰაჰაჰა! – ირაკლიმ გადაიხარხარა და ერთიც წამომარტყა.