დაბადების ადგილი – შოტლანდია, ირლანდია, უელსი, ინგლისი, ფარერების კუნძულები, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები.

დაბადების დრო – ქრისტეს შობამდე დაახლ. 2000წ. (ან კიდევ უფრო მეტი)

ხალხი – კელტები, ვიკინგები, გერმანული ტომები, ანტიკურ პერიოდში უკვე რომაელებიც.

სახელი – სოუინის დღე, ფერალია, ყველა წმინდანის/ალქაჯის დღე/ღამე, All hallow’s even, Hallowe’en, HALLOwEEN.

თარიღი: ოქტომბრის ბოლო სავსე მთვარე, 31 ოქტომბერი.

ქართული ეკვივალენტი: ჭიაკოკონობა, ბერიკაობა.

გავრცელების არეალი: ევროპა, აშშ, ინგლისის ყოფილი კოლონიები და საქართველო.

ადათი: კელტები ზამთრის დადგომას აღნიშნავდნენ და ღმერთ სოუინს თაყვანს სცემდნენ, სწირავდნენ მსხვერპლს და მფარველობას სთხოვდნენ.. რომაელები ამ დღეს ფერალიას ზეიმობდნენ –გარდაცვლილ მეომრებს იხსნენებდნენ და გაოგნებამდე სვამდნენ. დღესასწაულის თანამედროვე სახის ჩამოყალიბების შემდეგ (რაც ირლანდიელებისა და შოტლანდიელების ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ მოხდა) ადამიანები იცვამენ ზღაპრულ, საშიშ და სასაცილო კოსტიუმებს, აწყობენ ხმაურიან, ფეიერვერკებიან წვეულებებს, ლაზღანდარობენ და ასევე გაოგნებამდე სვამენ. დასაშვებია სიბნელეში სანთლის გარშემო წრეზე დასხდომა და საშიში ისტორიების მოყოლა (ოღონდ ამ დროს უკნიდან ვინმე უნდა მოგეპაროთ და “ბუჰუუუ!” დაგიღრიალოთ. ამ დროს გოგოები წამოიკივლებენ და ბიჭებს ჩაეკრობიან ეს ჯიგიტები კი ამ ყველაფერს ეროტიკული როხროხით შეხვდებიან და გოგონებს უფრო ჩაიხუტებენ). ზოგიერთს ამ ღამეს უჩევნია სახლში მარტო დაჯდეს, ლუდი წრუპოს და საშიშ ფილმებს უყუროს, მერე როცა საშიშად ჩაცმული ბავშვები მიადგებიან, დაუკაკუნებენ და დაუღრიალებენ: “Treat or Trick!” (“იკისრე თორემ გიკისრებთ!”) ეს უარესად დაუღრიალებს, კარს მოუჯახუნებს და პარმაღზე აცრემლებულ პაწია მოჩვენებებს დატოვებს. მაგრამ თქვენ ასე არ მოიქცეთ, ასე უხეშად მხოლოდ დეპრესიული და გასივებული გოთები იქცევიან, თქვენ კიდევ ლაღი და მხიარული ქართველები ხართ და ბავშვებს აუცილებლად კანფეტებით გაუმასპინძლდებით…

მცენარე – გოგრა

ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჰელოუინის პოპულარიზაციაში: იოჰან ვოლფგანგ გოეთე, მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი, ჯოან ქ. როულინგი.

რა მახსენდება: ჩემი კონექტიკუტელი ბაბუა, რომელმაც გოგრიკრეჭელების (pumpkin) გაკეთება მასწავლა; ჩინელი ემიგრანტი ელის მინგი, რომელიც თავის მაღაზიაში ამ დღისთვის პიროტექნიკაზე 20%იან ფასდაკლებას აკეთებდა და ერთი საათით გვიან კეტავდა და ამიერიდან გამახსენდება ნიკა შველიძე, რომელმაც ბოლო ჰელოუინისთვის კოსტიუმი მიშოვა. გმადლობთ ნიკა.

ჰელოუინი თბილისში “დღეს დიდი ფართია! ჰელოუინი ერეკლეზე! ბილეთი 15 ლარი! დრეს კოდია! ყველა მოდით!” – ეს მესიჯი მომივიდა 31ში დილით ჩემი ძმაკაცი ყვითელისაგან, რომელიც ბოლო რამდენიმე დღე დიდ სამზადისში იყო. ადრენალინ.გე – არის ასეთი შერეკილების ბანდა, რომელიც მხიარულ და საინტერესო ფართიებს აკეთებს ხოლმე. ახლაც ქალაქის მთავარი ჰელოუინის გაკეთება ადრენალინმა იკისრა.

“ანაბეჭდის” სამი წლის იუბილის შემდეგ ქალაქში წესიერი ფართი არ ყოფილა და ახლა ჩვენ უკეთესს გავაკეთებთ”-ო, ესეც რომელიღაც ადრენალინელმა თქვა. მარტო ერეკლეზე კი არ იყო ფართები! “კუბიკში” რაღაც სვეცკი ტუსი ჩატარდა, ჩემმა ინგლისელმა ძმამ, უილიამ დამბომ მომწერა “ტრაფიკში” ვმაგრდები და პატივი დამდეთ”-ო… ერეკლე მეორის ქუჩა თავიდან ბოლომდე დაიკეტა. დამონტაჟდა სცენა, განათება, ხმა და დაიწყო ლოდინი.

ყველა უწმინდური მწველი მზის ჩასვლას ელოდა ლონდონის კი არა და თბილისის ქუჩებს რომ მოსდებოდა და იქაურობა მოეჯადოვებინა. ამ ღამეს ხომ ჰელოუინია და ღმერთი ისვენებს! ღამე კი დღეზე დიდი ხდება… თუ სუსტი გული გაქვთ სახლში დარჩით და ქუჩაში მარილისა და ნიორის გარეშე გასვლას მოერიდეთ, თან ცოტა ნაკურთხი წყალიც წაიღეთ, ანაც საერთოდ ვან ჰელსინგის ისტორიას უყურეთ და ისწავლეთ როგორ უნდა მოერიოთ ვლახეთის მთავარსა და ტრანსილვანიის უბადლო მბრძანებელს… მე კი მეგონა რომ ბევრი ხალხი არ მოვიდოდა და ბევრს ვერაფერს გადავიღებდი… მაგრად შევცდი! თბილისში პროცენტულად ყოველ მოსახლეზე იმაზე ბევრად მეტი ალქაჯი აღმოჩნდა, ვიდრე მთელს ჰოგვორტსში ან ბებერ დუბლინში… ერეკლე გაივსო და გადაიჭედა: ულმობელი ქირურგი სისხლიანი ხალათით მოსულიყო, მკვდარ მეტალისტს ფრჩხილებიდან შავი ლაქიც კი არ მოეშორებინა, მთვრალი კათოლიკე მონაზონი ყელწინდაში ჩამალული მათარიდან კონიაკს ქურდულად წრუპავდა, კლეოპატრა მარკუს ანტონიუსს ეცეკვებოდა, ანგელოზებმა უფროსი გაიგულეს და ჭინკებთან ერთად აბსენტის ბოთლი გამოცალეს, ზომბები არყით დათვრნენ და ჟურნალისტი პირდაპირი ეთერიდან მოიტაცეს… შეუდარებელი იყო პაწია მანიაკი ფილმიდან “კივილი” – იდგა კვარცხლბეკზე და თავგანწირვით ცეკვავდა… “ასეთი უცნაური ფერი რატომ მაქვს?.. იმიტომ, რომ როცა ჩემმა საყვარელმა მომკლა იქვე ახლოს მხოლოდ მაცივარი იყო და იქ შემალაგა… ნაწილ-ნაწილ…”

რიგი არ თავდებოდა. ემატებოდნენ და ემატებოდნენ ალქაჯები, ანგელოზები, ჭინკები, ჯადოქრები, მუმიები, საინტერესო, მაგრამ გაურკვეველი ტიპაჟები, ჟურნალისტები, ტურისტები…

“მი ვ ვოსხიშჩენიი, კოროლევა ვ ვოსხიშჩენიი!” – ჩავილაპარაკე და დედოფალი ფაგოტს შევატოვე, ეგ ის ფაგოტია ადრე რომ იისფერ აბჯრიანი რაინდი იყო და ერთი უხეში ხუმრობა რომ არ აპატიეს… ან მე რაღა მეთქმის გადამდგარ პაჟ-დემონს… პრიმუსი არა და კამერა ავიღე და ტრაფიკში წავედი.

უილიამმა მართლა შემაშინა! ბადრი პატარკაციშვილის ასლი იყო რომ შევხედე – ულვაშებით და ჩახლეჩილი ხმით… – უფასო სასმელია! – ბადრი-უილმა თვალი ჩამიკრა და გაუჩინარდა. ცოტა ხანში დავიღალე ევროკავშირის პასპორტიანი ტიპების მშვიდი როკვის ყურებით. შემშურდა და წამოვედი. ლადო ბურდული მოწყენილი იჯდა მიქშერის გვერდზე და სვამდა.

ერეკლეზე რომ დავბრუნდი ცაზე ფეირვერკი ენთო, დაბლა სცენაზე ცხელი გოგონები ცეკვავდნენ, ნიკა წერეთელი რეტრო სტილში მიქსავდა, პუბლიკა ექსტაზშია, ა მი ვ ვოსხიშჩენიი… მერე ჩემი ყოფილი გოგო თავის ახალ ბიჭთან ერთად გამომეცხადა და ზედ შემომახტა. მე მივესალმე და წასვლა დავაპირე. “ჩემი ნახვა არ გაგიხარდა?” მე არაფერი მითქვამს. იმან კი მიწყინა და შემაგინა. არადა მართლა არ გამიხარდა.

ამ დროს სცენასთან მღვდელი და მისი რამდენიმე ჯანიანი თანამოაზრე, ე.წ მრევლი გაჩნდა. ყვიროდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ, მერე სცენაზე ავარდნენ და მონიტორები გადმოაყირავეს, ატყდა ჩხუბი, ყვითელი სცენიდან გადააგდეს, ნიკა წერეთელს ვიღაცამ მისივე ლეპტოპი ესროლა და მიქშერი დაუმტვრია. შევხედე და მისი სახით მივხვდი: ძველი დრო რომ ყოფილიყო, თავადი წერეთელი ხმალს იშიშვლებდა და მოღალატე ყმას თავს გააგდებინებდა… მომეჩვენა რომ პოლიციამ მოქმედებისგან თავი შეიკავა და სეირს უყურა. სცენაზე ყველაფერი დაილეწა, ვიღაცას თავი გაუტყდა და ყბაში სილა მოხვდა.

– მართლმადიდებლები მარჯვნივ, სატანისტები მარცხნივ ჩემი დედა . . . – გაისმა სანუკვარი ფრაზა. – მართლმადიდებელი ვარ ძმაო! – გაისმა ერთი ვამპირის ხმა. – შენ გენაცვალე ძმაო! – უთხრა რომელიღაც მართლმადიდებელმა და შუბლზე აკოცა.

მე შემეშინდა რომ პრიმუსს ვინმე თავზე დამალეწავდა და სახურავზე ავხტი. იქიდან მხოლოდ ჩემი ბრჭყვიალა თვალები ჩანდა. იყო დრო მე და ნიკა წერეთელი ყვითელის სამზარეულოში ქართული ხალხური სიმღერის თანხლებით დილამდე ვქეიფობდით… ამას მაშინ როგორ წარმოვიდგენდით!

მერე გათენებამდე ვაკანდაში ვიცეკვეთ.

მი ოპიაც ვ ვოსხიშჩენიი!

მუსიას შესანიშნავი ფორმები აქვს, სასწაული!  

PS. …არადა ვოლანდი მგალობლიშვილს უნდა ეთამაშა! წარმოიდგინე რა ვოლანდი იქნებოდა! – მომწერა პადრე დემეტრიომ.

       – შესანიშნავი!

       – ვერ გავიგე ბასილაშვილი რატომ ათამაშეს… ბებერია!

      – ბებერია.  

     – არადა ორივე ქართველია!

     – ვოლანდი სტალინია პადრე.

baila hombre...