უკვე ბლოგიანი ბიჭი ვარ, დიპლომიანი და ბლოგიანი! აბაა!

თავში რაც მომივა ახლა ყველაფერს დავბლოგავ!

ახლა ჩემი ბოლო მოთხრობა მინდა დავპოსტო!

აჰა და ენჯოი ზი სთორი!

 

Singer

 ლიზას არ გაუგია როგორ შემოაყენა ეზოში მისმა ქმარმა გასისინებული ოცდაერთი. საკერავ მანქანაზე დამხობილს ეძინა. მიშა სახლში რომ შემოვიდა დამწვრის სუნი ეცა. ნავთქურაზე წვნიანი გადმოსულიყო და ფითილი დაესველებინა. მიშამ მზერა ნავთქურიდან მძინარე ცოლზე გადაიტანა. რომელიღაც შვილს ლიზასთვის ზურგზე თავისი პალტო მიეფარებინა. მიშამ ოთახი ფრთხილად გადაჭრა და ბიჭების საძინებლისკენ წავიდა. მოსკეს და ვლადს კედლისკენ გადაბრუნებულებს ეძინათ. არიკის ლოგინი აკურატულად ალაგებული და ცარიელი იყო. არიკი როგორც თვითონ ამბობდა “თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა”. მიშას მისი ლოგინი რომ შეემოწმებინა, ლეიბის ქვეშ საინტერესო რამეებს იპოვიდა. მიშამ არ იცოდა რომ არიკს ჯიმი ჰენდრიქსთან და დეკამერონთან ერთად ეძინა, თორემ შვილს ტყავის ქამრით გალახავდა. არიკი რა თქმა უნდა არ იტირებდა და მიშა ამის გამო კიდევ ერთხელ გალახავდა, ამჯერად უკვე სისხლის დენამდე. მიშა საძინებლიდან გამოვიდა და ცოლს ისევ დახედა. ლიზა ჯერ კიდევ სკოლაში შეათვალიერა. უფროსკლასელი მიშა, რომელიც ყოველთვის ჰალსტუხითა და პიჯაკით მოძრაობდა ლიზას მასწავლებელი ეგონა და დერეფანში ყოველთვის პიონერული სალამით ხვდებოდა. მერე მიშა ჯარში წავიდა და სამი წელი წყალქვეშ, წყნარი ოკეანის ფლოტში გაატარა. ლიზა იზრდებოდა და მშვენდებოდა. მიშაც კლინტ ისტვუდს გავდა და ქალებში დიდი გულტამპყრობელის სახელი ჰქონდა გავარდნილი. – აი გამოვიდა! – დაიძახა გოშამ და მიშა “ქ. ულიანოვსკის ჭრა-კერვის ტექნიკუმის” ჭიშკრისკენ გაახედა. ლიზას კოპლებიანი კაბა ეცვა. გოშა, მიშა, პაშა და მათი ქართველი მეგობარი ლაშა უკან, შორიახლოს გაყვნენ. დაახლოებით ასი მეტრი იარეს, მერე მიშამ პაშას პიჯაკის სახელოზე დაქაჩა. – პაშ, მიდი აბა ლიზას გვერდზე დაუდექი. ოღონდ ისე, რომ ვერაფერი შენიშნოს. პაშამ ნაბიჯს აუჩქარა და ლიზას გაუსწორდა. – ხედავ, პაშას ყურამდე სწვდება! – გადაულაპარაკა მიშამ ლაშას. – მშვენიერი სიმაღლე აქვს! მერე მეზობლის ბავშვი ტანია კანფეტით მოისყიდეს და ლიზას გეგმებსა და ადგილსამყოფელს ის აგებინებდათ. დრო მოვიდა, რომ ყველაფერი გარკვეულიყო. მიშამ ლიზას მამასთან დები მიაგზავნა. თან ნიშანი გაატანა. ალექსი კონსტანტინოვიჩმა ძველი მეზობლების ნახვით დიდად გაიხარა, მათი მოსვლის მიზეზი რომ გაიგო მერე საერთოდ სიხარულით გადაირია. გადაწყდა, რომ ლიზა მიშა დავიდოვის ცოლი გახდება. ეს ყველაფერი ტანიას ესმოდა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ვითომ და სხვათაშორის თოჯინებით თამაშობდა. ალექსი კონსტანტინოვიჩის სიტყვები რომ გაიგონა, თოჯინები დაყარა და ტირილით გაიქცა. ლიზა ქორწილში მეჯვარე იყო. მეზობელი გათხოვდა და ლამაზი ლიზა მეჯვარედ წაიყვანა. მეჯვარე ნეფე-დედოფალთან ერთად სეფის ბოლოში იჯდა. ტანიამ თავი ეგრევე სუფრის ქვეშ დურთა და ლიზასკენ ტირილით გახოხდა. სუფრის ქვეშ მიხოხავდა და ზლუქუნებდა. უამრავ წყვილ ფეხს ჩაუარა დაიღალა და მუხლები ეტკინა. გაჩერდა, ცრემლები ჭუჭყიანი ხელებით მოიწმინდა და ახლა ინდიელ ბავშვს დაემსგავსა. – ანიჩკა, ყურძენს მომაწოდებ? – ჰკითხა ლიზამ პატარძალს და ამ დროს მის ფეხებს შუა თავი მოტირალმა ინდიელმა ტანიამ ამოყო. ლიზა შიშისაგან შეხტა. – რატომ ტირი ტანია? – გაგათხოვეს ლიზაააა! – ამოიზლუქუნა ბავშვმა და ისევ მაგიდის ქვეშ ჩაყვინთა. – არა მიშა, ხელს არ მოგიწერ! – უთხრა ლიზამ და ზურგი შეაქცია. – მაშინ ჯვარი დავიწეროთ! – თქვა მიშამ. – ეგ არ შეიძლება. – რატომ არ გინდა გამაგებინე! – მიშამ ლიზას ხელი მხრებზე მოკიდა და თავისკენ ძალით მიაბრუნა. – არ მიყვარხარ. – მამაშენი თანახმაა! – წადი და მამაჩემი შერითე. მიშა წავიდა და საღამოს ლიზას სახლში მიადგა. – ლიზა ცოლად გამომყევი! – არა მეთქი. მიშამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და მიბრუნდა. ლიზასკენ რომ მიბრუნდა ვეება პეშვები ოქროთი ჰქონდა სავსე. ლამაზ ლიზას თვალებში უძველესმა გერბიანმა ბეჭდებმა, ყელსაბამებმა და კიდევ ათასნაირმა ნაკეთობამ შეანათა. შაბათს მიშამ და ლიზამ ულიანოვსკის ზაგსში ხელი მოაწერეს. ოთხი წლის მანძილზე ლიზამ სამი ბიჭი გააჩინა. მიშა ამბობდა “თოფს აღარ გავწმენდ, ლიზას გადამკიდე მაინც აზრი არა აქვს”-ო… მიშამ ოთახში ერთიც გაიარა. იატაკი აჭრიალდა. ლიზამ გაიღვიძა. ქმარს ახედა და სახეზე უსიამოვნო ემოცია დაეხატა. მიშა უფრო უხერხულად იყო და წრიალებდა. გავიდა ერთი წუთი. – ვისთან იყავი ეს ერთი თვე? – ლიზას არც შეუხედავს ისე ჰკითხა და მანქანიდან ძაფის გამოხსნა დაიწყო. – იმაში ნუ ერევი რაც შენი საქმე არაა. – მიშამ ხელი ულვაშზე გადაისვა და ტახტზე ჩამოჯდა. პიჯაკი სკამზე მიაგდო და წამოწვა. – მე შენს მევალეებს ვისტუმრებ. მეუბნებიან რომ თუ არ გადაიხდი ბავშვებს დაგვიხოცავენ. – ნუ ჩმახავ რაღაცას… ვინ რას გემუქრება ნეტავ გამაგებინა! – შენი ვალები რომ გადავიხადო ორგან ვმუშაობ და ღამე კიდევ კაბებს ვკერავ. უნამუსო ხარ მიშა. – არაფერია ლიზავეტა, დაგიფასდება. – შენს ვალებს ის ბრილიანტები აკლდა ისაკ კაცმანისაგან წინა კვირას იმ უნამოსოსთვის რომ გიყიდია. – ლიზა ხმასაც არ უწევდა. ფაქტებს მშვიდად და დალაგებულად აყალიბებდა. – ლი-ზა! – გუშინ ორჯერ დაგინახეთ: ერთხელ შენი მანქანით ჩამიარეთ მარქსზე, მერე უნივერმაღთან. ის სანდლებიც ალბათ შენ უყიდე. როგორ საზიზღრად აქვს ქუსლები დახეთქილი და დაშავებული!.. – ლიზა გაჩუმდა და კერვა გააგრძელა. “შინგერ” – ეწერა საკერავ მანქანას. ლიზა როცა კერავდა მანქანა მღეროდა. მისი მინიმალისტური მელოდიის სმენაში მიშას ჩაეძინა და აფშვინდა. ლიზამ ქმრის პიჯაკი აიღო და საკიდზე ჩამოკიდა. შავ მაუდზე ოქროსფერმა, ნაღებმა თმამ გაიელვა. ლიზას ზიზღისგან ტანში გასცრა და თმა პიჯაკს ორი თითით ააცალა. პიჯაკი გაბერტყა და რომ ჩამოკიდა ხელი ერხელაც ჩამოუსვა. გულის ჯიბეში რაღაც სიმაგრე იგრძნო. ხელი ჩაყო და ფოტო ამოიღო – არშიებიანი. ფოტოდან მიშა და ის ქალი უღიმოდნენ. ლიზას ტანში ერთხელაც გასცრა და ფოტო უკან ჩააბრუნდა. ხელზე რაღაც მრგვალი სიმაგრე ისევ მოხვდა. ლიზამ ხელი მოუჭირა – სხეული დეფორმირდა. პიჯაკი სასწრაფოდ ჩამოხსნა და სინათლესთან მიიტანა. სარჩული გამოარღვია და შავ აბრეშუმის ნაჭერში გამოკრული ნაკერში ჩატანებული გაურკვეველი სხეული ამოაჭრა. მამლის თვალი, ფრჩხილის ნატეხი, მუსკატის ფხვნილი, ფერადი ძაფები და კიდევ რაღაც ცხიმიანი სხეული აღმოჩნდა… ლიზას სახე შეშლილი, თვალები ფართო და სველი ჰქონდა. ფოტო ისევ ამოიღო, ძირს გადაგდებული თმა მოძებნა და საჩქაროდ საკერავს დაუბრუნდა. თეთრი მიტკლისგან და ბამბისგან ნახევარ საათში პატარა თოჯინა შეკერა და ნახშირით გული მიახატა. კისერზე თმა შემოახვია, ფოტოდან ქალის სახე ამოჭრა და სახეზე დააკრა… ულიანოვსკის გარეუბანში პატარა ბარაკიდან ქალის საშინელი კივილი გამოვარდა. მახათმა ფოტოზე მარჯვენა თვალი ჩახვრიტა და თოჯინას თავში გაუარა. ნავთის ლამპა ლიზას ანთებულ სახეს ანათებდა. მძინარე მიშამ რაღაც წაიბუტბუტა და კედლისკენ გადაბრუნდა. ლიზამ თოჯინა ლამპასთან დადო, ტახტთან მივიდა და ქმარს პლედი მიაფარა.